მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი მცხეთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელებს შეხვდა. გია მამულაშვილმა ცენტრის ახალ პროექტზე, „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე“ ისაუბრა.
პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლების ბაზაზე შეიქმნება პროფესიული გადამზადების ჯგუფები. თითოეული ჯგუფის წევრი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:
· ერთმანეთის საქმიანობაზე, „კრიტიკული მეგობრების“ პოზიციიდან დაკვირვება და თითოეულის გამოცდილების განხილვა;
· დაკვირვებისა და მოსწავლეთა შედეგების ანალიზის საფუძველზე ერთმანეთის პროფესიულ საჭიროებების დადგენა;
· სასწავლო პროგრამის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და შეფასებაზე ერთობლივი მუშაობა;
· სწავლების პროცესში არსებული პრობლემების ერთობლივი განხილვა და მათი გადაჭრის გზების მოძებნა;
· პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ელემენტების გამოყენება და აღნიშნული კვლევის შედეგების გაზიარება როგორც საკუთარი, ისე მეზობელი სკოლების პედაგოგებისთვის და სხვ.
ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს პროგრამის პილოტირება, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან 210 სკოლა მონაწილეობს. თითოეული საპილოტე სკოლის ჯგუფი 7-8 მასწავლებლისგან დაკომპლექტდება და ისინი სპეციალურ ტრენინგს გაივლიან.
ცენტრის წარმომადგენლები ყველა საპილოტე სკოლის მასწავლებლებს პირადად გააცნობენ პროექტის დეტალებს.
|