საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ 119 მონაწილეს, რომლებმაც ორი სასწავლო სემესტრი წარმატებით დაასრულეს, სერტიფიკატები გადასცა.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს პროგრამას „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“.
პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტების გაგზავნას სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში. პროგრამის მონაწილეები ქართული ენის ადგილობრივ მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში ეხმარებიან, პროცესი მოიცავს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებას. კონსულტანტ-მასწავლებლები ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ, რაც ხელს უწყობს როგორც მოსწავლეების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას. პროგრამის მონაწილე მასწავლებლები ადგილობრივ პედაგოგებს საგაკვეთილო პროცესში სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში ეხმარებიან.
2011-2012 წლებში პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა ქართულის, როგორც მეორე ენის I-VI დონის სახელმძღვანელო, რომელსაც თან ახლავს მოსწავლის რვეული და მოსასმენი მასალა (CD). ამ ეტაპზე შექმნილია და ბეჭდვის პროცესშია VII-IX დონეები.
პროგრამაში ორი სასწავლო სემესტრის მანძილზე წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში, პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობის დაფინანსებით უზრუნველყოფს.
ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში 300-მდე პედაგოგია გაგზავნილი ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში. ყველა მონაწილემ რეგიონში გამგზავრებამდე გაიარა ათდღიანი ინტენსიური ტრენინგი ქართული, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდოლოგიაში, სწავლისა და განვითარების თანამედროვე მეთოდებში და კულტურულ მრავალფეროვნებასა და თანაცხოვრებაში. |