საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანში მშენებარე პროფესიულ კოლეჯში იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც სასერთიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. პრეზიდენტმა მათ განათლების სისტემის ის სიახლეები გააცნო, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ქვეყანაში დაინერგება. მიხეილ სააკაშვილი კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესით დაინტერესდა და იქ მიმდინარე შიდა სამუშაოებს გაეცნო.
მასწავლებლებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები გაგრძელდება და იგი წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება. უახლოესი გამოცდა 2013 წლის იანვარში - სასკოლო არდადეგების პერიოდში იგეგმება. რეგისტრაცია ოქტომბრის ბოლოს დაიწყება.
2012 წელს 8000-ზე მეტმა მასწავლებელმა წარმატებით გაიარა სერტიფიცირება. ეს მაჩვენებელი შარშანდელ მონაცემს ორნახევარჯერ აღემატება. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა უკვე მესამე წელია ტარდება. ყოველწლიურად ამ პროცესში უფრო მეტი ერთვება. მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი მათ შორის გაზრდილი ხელფასებია. სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში მოხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი აქვთ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას აბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით ეზრდებათ.
|