მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განათლების მკვლევარებისთვის პირველი ქართული რეფერირებადი ელექტრონული ჟურნალი „განათლების მეცნიერება“ შექმნა.
ცენტრის მიზანია, ახალი გამოცემის შექმნით, ხელი შეუწყოს როგორც განათლების სამეცნიერო კვლევებს, ისე მკვლევარი მასწავლებლების ინტეგრირებას სამეცნიერო სივრცეში. ეს იქნება კიდევ ერთი ახალი რესურსი და შესაძლებლობა სფეროს მკვლევარებისა და პედაგოგებისთვის.
ახალი რეფერირებადი ჟურნალი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისეროვნულ ცენტრში დღეს უნივერსიტეტების რექტორებს, განათლების ფაკულტეტების დეკანებს, განათლების მიმართულებისა და პროგრამების ხელმძღვანელებს, ასევე, მკვლევარებსა და მასწავლებლებს წარუდგინეს. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესწრებოდა.
ელექტრონული ჟურნალის გარდა, დღესვე, ცენტრში შედგა ჟურნალ „მასწავლებელისა” და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge”-ის ფარგლებში გამოცემული „მასწავლებლის ბიბლიოთეკის“ ორი წიგნის, „ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში“ და „შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი და შიდა სასკოლო” პრეზენტაცია.
ცენტრის მიერ, ამ სერიით უკვე გამოიცა შვიდი წიგნი, რომელიც მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს მასწავლებლებისთვის. წიგნებში ძირითდად გამოყენებულია მასწავლებლების სტატიები, რომელიც პირად გამოცდილებასა და საკლასო პრაქტიკას ეყრდნობა.
|