2 ივლისს საგამოცდო პროცესში პედაგოგები ჩაერთნენ. მათ პირველი გამოცდა პროფესიულ უნარებში აქვთ. დღეს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა დარეგისტრირებულ მასწავლებელთა შორის ყველაზე ხანდაზმული პედაგოგი, მცხეთის რაიონის სოფელ პატარა ქანდას საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ქალბატონი ლილი კუხალეიშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიაცილეს, წარმატებები უსურვეს და რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ.
2 ივლისს გამოცდაზე 7894 პედაგოგი გავა, ხოლო ჯამში პროფესიულ უნარებს 31880 ადამიანი ჩააბარებს. გამოცდები პროფესიულ უნარებში მთელი საქართველოს მასშტაბით 2, 3, 4 და 5 ივლისს ჩატარდება. გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობამ. 2011 წელს 24 ათასამდე პედაგოგმა გაიარა რეგისტრაცია ხოლო 2012 წელს ეს რიცხვი 40 ათასამდე გაიზარდა.
პედაგოგთა მოტივაციის გაზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი მათ შორის გაზრდილი ხელფასებია. სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი აქვთ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას აბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით ეზრდებათ.
2012 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების განრიგი ასეთია:
2, 3, 4 და 5 ივლისი (პირველი სესია) - უნარები;
6 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
11 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (VII-XII);
12 ივლისი (პირველი სესია) - დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის;
13 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI);
18 და 19 ივლისი (პირველი სესია) - უცხოური ენები (ინგლისური ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა და გერმანული ენა);
19 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება, ფიზიკა.
|