მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საგანგებოდ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგი „მობილობა და ორიენტაცია უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის“ ჩატარდა. ტრენინგის მიზანი იყო სკოლის მე-5 კლასში ჩარიცხული უსინათლო მოსწავლის ანანო ბუცხრიკიძის ეფექტური სწავლებისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.
ამავე პროგრამით დატრენინგებული მასწავლებლების დახმარებით ანანო უკვე ბრაილის შრიფტს სწავლობს. მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად კი უტარდება მობილობა-ორიენტაციის ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი, რომლის საშუალებით ყოველდღიური ქმედებების დამოუკიდებლად შესრულებას და თეთრი ხელჯოხის დახმარებით სამყაროს აღქმას სწავლობს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მობილობა-ორიენტაციის ტრენინგებს 2015 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში უკვე მომზადებულია მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორები, რომლებიც ამჟამად პრაქტიკულ ტრენინგმოდულს გადიან. ტრენინგმოდული უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ინდივიდუალურ ინსტრუქტაჟსაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, გადამზადებას გადიან ის მასწავლებლები, რომლებიც უსინათლო და მცირემხედველ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ასწავლიან.
|