მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მათემატიკის, ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიისა და ხელოვნების მასწავლებლებს ტრენინგებს სთავაზობს.
მათემატიკის მასწავლებლებს შეეძლებათ გაიარონ ტრენინგ-მოდული „ალგებრა, გეომეტრია და მათი სწავლების მეთოდიკა”; ისტორიის მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგ-მოდულია „ისტორიის სწავლების მეთოდიკა - საქართველოს ისტორიის მაგალითზე უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე“; ფიზიკის მასწავლებლებს შეეთავაზებათ “მექანიკის საფუძვლები“, ხოლო გეოგრაფიისას - „შესავალი ფიზიკურ გეოგრაფიაში“. რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის საშუალო და საბაზო საფეხურის მასწავლებლებს, მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ტრენინგ-მოდულზე "მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში", ხელოვნების მასწავლებლებს კი ცენტრი "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორიისა და პრაქტიკის” მოდულის გავლას სთავაზობს.
ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში ყველა მასწავლებელს მიენიჭება სათანადო კრედიტქულები. ტრენინგები განკუთვნილია საგნობრივი ცოდნის განახლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებისთვის. რეგისტრაციის გავლა მასწავლებლებს 7 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.