მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი რეგიონებში პროფესიული განვითარების ტრენინგების მიმდინარეობას ეცნობა.
პირველი ვიზიტის ფარგლებში გიორგი მაჩაბელი საჩხერეს ეწვია, ადგილობრივი მასწავლებლების სატრენინგო საათს დაესწრო და მათ საჭიროებებს გაეცნო. მასწავლებლებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ტრენინგის გავლის შესაძლებლობა ადგილზე ეძლევათ.
ცენტრის დირექტორმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზეც ისაუბრა და პედაგოგებს მაქსიმალურ ხელშეწყობას დაჰპირდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მასწავლებლებს ტრენინგებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქში სთავაზობს. კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში ტრენინგის ჩატარება დამოკიდებულია რეგისტრირებულთა რაოდენობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტული რაოდენობის ჯგუფი არ შეიკრიბება, ცენტრი მასწავლებლებს ტრენინგებს უახლოეს ტერიტორიულ ერთეულში შესთავაზებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია, მაქსიმალურად გაიზარდოს პროფესიული განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, რათა ახალი სქემის ფარგლებში მასწავლებლებმა უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და საუკეთესო შედეგების მიღწევა შეძლონ.
|