საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და კომპანია „მაიკროსოფტ საქართველომ“ მასწავლებლები დააჯილდოვეს. კონკურსში საქართველოს „ფორუმი პარტნიორები განათლებაში 2013“ სულ 3 გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა და თითოეულ მათგანს ორგანიზატორებისგან სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსის ფარგლებში მასწავლებლებმა სხვადასხვა სასკოლო საგნებზე შექმნილი ელექტრონული სასწავლო პროექტები წარმოადგინეს. ნამუშევრები ატვირთული იყო მაიკროსოფტის პორტალზე. საუკეთესო პროექტები კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების დეპარტამენტის ექსპერტებმა გამოავლინეს. პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები კონკურსის მეორე ეტაპზე გასული 24 ნამუშევრიდან დასახელდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ინტელთან, მაიკროსოფტ საქართველოსთან და Innovative Systems Management-თან ერთად კიდევ ორ ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა, ესენია:
- ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება
- 1:1 ელექტრონული სწავლება ბუკით (1-3 კლასები)
კონკურსის მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა. ასევე მასწავლებლების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.
კონკურსის პარტნიორებია რიან აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი და ბრიტანეთის საბჭო საქართველოში. კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ და ის საქართველოში უკვე მეხუთედ ჩატარდა.